ბათუმის შუქურაზე წარმოებული სამუშაოების შეყოვნებამ შესაძლებელია საზღვაო ინციდენტები გამოიწვიოს
28.01.2015

ბათუმის შუქურას აჟიოტაჟთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური გამოთქვამს თავის პოზიციას. მართალია შუქურა 1863 წელს დაარსდა და შეიძლება ჩაითვალოს ისტორიულ ძეგლად, თუმცა დღიდან დაარსებისა აღნიშნულ ნაგებობას ჯერ იყო და გასულ წლებში მარჯვენა და მარცხენა ფლიგელები მოუნგრიეს, მოგვიანებით სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა, რამაც სრულებით შეცვალა მისი სახე. გარდა ამისა, ბულვარის მშენებლობის დროს 2010–2011 წლებში დაახლოებით ერთ მეტრ სიღრმემდე ბულვარის ბეტონის საფარს ქვეშ მოექცა შუქურას ფუნდამენტი, ამდენად შუქურას აუთენტურობა სრულიად დარღვეულია. შუქურას გარშემო მოშლილია წყალსაწრეტი არხები და წლების განმავლობაში ყოველი წვიმის დროს იგი იტბორებოდა, რამაც მისი საძირკვლის მოშლა გამოიწვია და ის ნგრევის პირასაა.

შუქურა პირველ რიგში წარმოადგენს სანავიგაციო ნიშანს, რომელიც ორიენტირია ბათუმის პორტში შემავალი გემებისათვის და სანავიგაციო საჭიროებიდან გამომდინარე იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული საზღვაო ინცინდენტები, რასაც შეიძლება მოყვეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და გარემოს დაბინძურება, შუქურა პერიოდულ ტრანსფორმაციას საჭიროებს. საერთაშორისო ნორმებით შუქურა არის შენობა–ნაგებობათა კომპლექსი კოშკურით, მასზე დამონტაჟებული მანათობელა ოპტიკური ფარნით, დამხმარე შენობით მუდმივად მყოფი მორიგე ტექნიკოსისათვის, სველი წერტილით და ალტერნატიული დენის კვების წყაროსათვის გამოყოფილი სპეციალური ადგილით. გამომდინარე აქედან, ამჟამად შუქურაზე წარმოებული სამუშაოების შეყოვნებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ზემოთ ჩამოთვლილი საზღვაო ინციდენტები, რის გამოც პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ სამუშაოების შემაფერხებელ ორგანოს. საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურს ბათუმის შუქურაზე ისტორიული ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ რაიმე სახის დოკუმენტი ოფიციალური უწყებისაგან არ მიუღია. ბათუმის შუქურაზე მშენებლობა წარმოებს ყველა ნებართვისა და მშენებლობის ნორმის დაცვით.