საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური
24.11.2014

საქართველო საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის 85-ე წევრი გახდა. "საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის" ინფორმაციით, საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის შესახებ 1964 წლის კონვენციას საქართველო პარლამენტის 2012 წლის 17 თებერვლის დადგენილებით შეუერთდა, თუმცა, მას შემდეგ დღემდე მიმდინარეობდა ორგანიზაციაში გაწევრიანების შესაბამისი პროცედურები. 
საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაცია ახორციელებს მჭიდრო და მუდმივ კავშირებს ნაციონალურ ჰიდროგრაფიულ სამსახურებთან, სწავლობს და აგროვებს ნებისმიერ მასალას ჰიდროგრაფიასთან და მასთან დაკავშირებულ მეცნიერებასა თუ ტექნიკასთან, ხელს უწყობს სანავიგაციო რუქების და დოკუმენტების გაცვლას, კოორდინაციას უწევს ჰიდროგრაფიულ კვლევებს, თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამეცნიერო ინსტიტუტებთან.
2013 წელს, საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, შეიქმნა საქართველოს საზღვაო სივრცის – სოხუმის, ყულევის, ფოთის და ბათუმის პორტების ქაღალდის (Paper chart) და ელექტრონული (ENC) რუკები, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს პორტებში შემომავალი გემების ნაოსნობას გემების კაპიტნებისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ჰიდროგრაფიულ ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ, აღნიშნულ რუკებს მიენიჭებათ საერთაშორისო სტატუსი.